ავთანდილ ფაილოძე ,,საუკეთესო მუზეუმელად,, დასახელდა

▪️11 სექტემბერს საქართველოს მუზეუმელთა მეორე ასამბლეა გაიმართა. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი, საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის წევრები და დელეგატები ესწრებოდნენ.
▪️ღონისძიებაზე საზეიმოდ გამოვლინდა სამი „საუკეთესო მუზეუმელი“, რომელთაც კულტურის სამინისტროს მიერ 2022 წელს დაფუძნებული უწყებრივი ჯილდო გადაეცათ. ვერცხლის სამკერდე ნიშანთან ერთად საუკეთესო მუზეუმელებს გადაეცათ ფულადი ჯილდოც. 2023 წლის საუკეთესო მუზეუმელები არიან:
● ავთანდილ ფაილოძე – ა(ა)იპ ხონის ისტორიული მუზეუმის ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმის გამგე.
არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს ოცამდე მონოგრაფია, არის ორი ისტორიული ხასიათის რომანის ავტორი. ავთანდილ ფაილოძის მონაწილეობით, 1986 წელს ხონთან ახლოს, დრამატურგიის კლასიკოსის – პოლიკარპე კაკაბაძის – მემორიალური მუზეუმი მოეწყო. მას აგრეთვე განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ალექსანდრე წულუკიძის სახლ-მუზეუმის შექმნაში, 1997 წელს კი მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით პოეტ-აკადემიკოს ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმი შეიქმნა და ის დღემდე ამ მუზეუმის გამგედ მუშაობს. 2001 წელს ავთანდილ ფაილოძეს ღირსების ორდენი მიენიჭა.
● ქემალ თურმანიძე – ბათუმში ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალო“ დამფუძნებელი და დირექტორი.
ქემალ თურმანიძის ინიციატივით ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“ 2016 წელს გაიხსნა. მუზეუმი დღეისათვის განთავსებულია 3 000 კვ. მ-ზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, შენობა-ნაგებობებით, გამწვანებითა და სავალი ბილიკებით. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა-ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობის უკეთ წარმოჩენის მიზნით ბოლო პერიოდში 30 დარგისთვის შექმნა სამუშაო სივრცე. მუზეუმში განთავსებულია ხის მხატვრული დამუშავების გალერეა, სადაც წარმოდგენილია ავტორის მიერ სხვადასხვა პერიოდში დამზადებული 350-ამდე ნაკეთობა. ქემალ თურმანიძე არის ეთნოგრაფი და ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი. ის არის თედო სახოკიას პრემიის ლაურეატი, ქედის რაიონის საპატიო მოქალაქე და ფოლკლორის ეროვნული პრემიის ლაურეატი.
● მარიამ ინანაშვილი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიღნაღის მუზეუმის მმართველი.
2023 წელს შესრულდა 31 წელი, რაც ქალბატონი მარიამი სამუზეუმო სისტემაშია დასაქმებული. 2012 წლიდან დღემდე ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მენეჯერია. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი მუზეუმის თანამშრომლებსა და ვიზიტორებს შორის სარგებლობს დამსახურებული ავტორიტეტითა და პატივისცემით. 2007 წლიდან დღემდე მარიამ ინანაშვილი 20-ზე მეტი გამოფენის მონაწილე, თანაორგანიზატორი ან ინიციატორია.
▪️ხონის მუნიციპალიტეტის მერია ბატონ ავთანდილ ფაილოძესა და მის კოლეგებს ულოცავს დამსახურებულ წოდებას და წარმატებებს უსურვებს!
+5

SIGN IN

Forgot Password

X