ხონის მუნიციპალიტეტი - ხონის მუნიციპალიტეტი - khoni.gov.ge
ტელ: 0 (495) 22 25 55
ხონის მუნიციპალიტეტი

 

ხონის მუნიციპალიტეტის შესახებ

 

  • მ დ ე ბ ა რ ე ო ბ ა

          ხონის მუნიციპალიტეტი გეოგრაფიულად მოქცეულია აღმოსავლეთ განედის 42°22' და 42°37' - ს შორის, ჩრდილო განედის 42°14' და 42°35' - ს შორის. ტერიტორია კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთი გაგრძელებაა. მისი მთიანი ზონა, ეგრისის ქედის სამხრეთი კალთებია. ვრცელდება მდინარე ცხენისწყლის ქვემო დინების მარცხენა ნაპირიდან, მდინარე გუბისწყლის მარჯვენა ნაპირამდე.  ცხენისწყალი ორ ნაწილად ყოფს მის მთიან ზონას. ხონს დასავლეთით ესაზღვრება მარტვილის, სამხრეთ-დასავლეთით - აბაშის, სამხრეთით - სამტრედიის, აღმოსავლეთით წყალტუბოს, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით ცაგერის მუნიციპალიტეტები.

  • რ ე ლ ი ე ფ ი

            რელიეფის მიხედვით ხონის მუნიციპალიტეტი სამ ზონად იყოფა: დაბლობი, მთის წინა და მთის ზონები. დაბლობში მდებარე მუნიციპალიტეტის ცენტრი - ქალაქი ხონი და სოფლები: ივანდიდი, ქუტირი, გვაზაური, პატარა ჯიხაიში, გუბი, კუხი, ახალშენი, კონტუათი, ნახახულევი, საწულუკიძეო და მათხოჯი ზღვის დონიდან 62 – 200 მეტრზეა.  მთისწინა ზონის სოფლები: სუხჩა, ლეფილიე, ხიდი, ბესიაური, დედალაური, უძლოური და ახალბედისეული-  200-500 მეტრზე და გამოირჩევიან ალუვიური, ეწერი ნიადაგებით. მთიანი ზონის სოფლები: კინჩხა, გორდი, ღვედი, ძეძილეთი, გვაშტიბი, გელავერი, ორაგვეთი, ნოღა და დიდღვაბუნა კი ზღვის დონიდან 1000 მეტრამდეა.

  • ტ ე რ ი ტ ო რ ი ა

          ხონის ტერიტორია 429,5 კვ.კმ. - ა. მისი ჩრდილოეთი ნაწილი მთის ზონაშია მოქცეული, სამხრეთი ბარის ზონას განეკუთვნება და კოლხეთის დაბლობის ჩრდილო აღმოსავლეთ მხარეს მოიცავს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 58% მთაგორიანია. ყველაზე დაბალი ადგილია სოფელი ქუტირი - ზღვის დონიდან 62 მეტრი, ყველაზე მაღალი კი ლეხის მწვერვალი - ზღვის დონიდან 2436,7 მეტრი.

ტყეებს 20000 ჰექტარი უკავია. სასოფლო სამეურნეო სავარგულებს 18042 ჰექტარი. მათ შორის სახნავია- 8020 ჰექტარი, მრავალწლიანი ნარგავები  2251.33 ჰექტარი,  სათიბი 104 ჰექტარი და საძოვარი 7666 ჰექტარი.          

            ხონის მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 42 კილომეტრზე. მისი მაქსიმალური სიგანე 17 კილომეტრია, მინიმალური – 7.

  • ჰ ა ვ ა  

ხონი ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული კლიმატის ოლქში მდებარეობს და რელიეფის შესატყვისად ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობით ხასიათდება. ვაკე-დაბლობზე თბილზამთრიანი და ცხელზაფხულიანი ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავაა, სადაც საშ. წლიური ტემპერატურაა +14.3°, იანვარი +5°, აგვისტო +23.4° ÷ +23.6°; აბსოლუტური მინიმალური -18°,-19°, აბსოლუტური მაქსიმალური +41°. ვაკე დაბლობზე საშუალოდ წელიწადში 1460-1790 მმ ნალექი მოდის. მთისწინეთში და დაბალმთიან ზონაში ასევე ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, ხასიათდება მცირე ზამთარითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. აქ ზღვის დონიდან 700 მეტრამდე, საშუალო წლიური ტემპერატურა +11.7° ÷ +12.4°- ის ფარგლებშია, იანვარში -2.9 ÷ -3.5°, აგვისტო +21°; აბსოლუტური მინიმალური -21°, აბსოლუტური მაქსიმუმი +38°.

წელიწადში 2280-2400 მმ ნალექი მოდის. საშუალო მთიან ზონაში ცივზამთრიანი და ხანგრძლივ გრილზაფხულიანი ნოტიო ჰავაა. ასეთივე ჰავაა რაიონის ყველაზე მაღალ ადგილებში-ასხის პლატოზე, იმ განსხვავებით, რომ იქ ზაფხული მოკლეა, ამასთან, საშუალო მთიან ზონაში ნალექები უფრო უხვია, ვიდრე მთისწინეთსა და დაბალმთიანეთში. 

  • ბ უ ნ ე ბ ა

 მთის ზონა ტყეებითა და ბუჩქნარებითაა დაფარული და თავისი ხასხასა მდელოებით, უმშვენიერესი წყაროებითა და ფოთლოვანი ტყეებით, ზღაპრული სილამაზის მთებითა და ჩანჩქერებით საუკეთესოა ტურიზმისა და დასვენებისათვის. განსაკუთრებით საინტერესოა ასხის ალპური მთა (ზეგანი), მდინარე ოკაცეს წყალვარდნილები და კანიონი, ცხენისწყლის ხეობა და სხვა.

  • მდინარეები

 ხონის ტერიტორიაზე გამდინარე მდინარეებიდან ყველაზე წყალუხვია ცხენისწყალი და გუბისწყალი.  პატარა მდინარეებიდან აღსანიშნავია: ოკაცე,  ნაბეჩო, ღალდა, მეჭია, ღარჩელა, სუხჩელა, კუხა, სემი, რაჩხა, ტობი და სხვა.  მდინარეებში გავრცელებულია თევზის ჯიშები:  წვერა, ქაშაყი, საველა, ტოფი, კალმახი, ღორჯო და ნაფოტა და სხვა.

  • წყაროები

 ხონის მთისწინა და მთის სოფლებში მრავლადაა წყაროები. მათ შორისაა ძველი ცნობილი წყაროები: მთავრის წყარო (1832 წ.) და დედოფლის წყარო (XIX ს.)  გორდის ტყე პარკში, პატარა ჯიხაიშის ღოღობერიძეების წყარო ( XVI ს.), სოფელ ხიდში წყარო ბინური (გიგას წყარო), სოფელ მათხოჯის წყარო და სხვა.

  • ტყეები

სულ მუნიციპალიტეტის საზღვრებში არის 20000 ჰექტარი სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწა. მთის მიკროზონა , ფოთლოვანი ტყეებითა და ბუჩქნარითაა დაფარული.აღსანიშნავია კინჩხაში კუთხის, გორდში თურჩუს და სხვა ტყეები, რომლებშიც იზრდება მუხა, ცაცხვი, წაბლი, წიფელი,ველური მსხალი,ბალამწარა, მაჟალო, ლეკა, თხმელა,  კაკალი,  ნაძვი, ფიჭვი,  აკაცია, ტირიფი, ბზა და სხვა. აქ უხვადაა კენკროვანი და სამკურნალო მცენარეები. ტყეებში ბინადრობს კურდღელი, ციყვი, მგელი, ტურა , მელა, დათვი . 

 

  • ხონის ისტორიული წარსული

 

ხონი ისტორიული კოლხეთის შემადგენელი ნაწილია. მისი წარმოშობა და განვითარება მჭიდროდ უკავშირდება მასზე გამავალ უძველეს სავაჭრო–საქარავნო გზებს.კოლხეთის მიწას ახსოვს ასურეთის და ურარტუს მეფეების შემოსევები. სპარსთა და რომაელთა, სკვითთა და კიმერიელთა გამანადგურებელი ლაშქრობები. ხალხი რომაელ სარდალს - გნეუს პომპეუსის (ძვ.წ. I ს.) სახელთან აკავშირებს დღემდე შემორჩენილ უძველეს ნახიდარს - ბუმბუას ხიდს. ამავე სოფელში შემორჩენილია ობუჯის წმინდა გიორგის საყდარის ნანგრევები, რომლის დანგრევა მურვან ყრუს ლაშქრობისას უნდა მომხდარიყო. მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში, გორდს ეწვია რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე. მან გამოგზავნა რკინის ხიდი, რომელიც სოფელს ემსახურა 1985 წლამდე. უძველესი ნახიდარები

შემორჩენილია ნოღაში, სუხჩასა და დედალაურში.

    მიკვლეულია ძველისძველი ლითონსადნობების ნაშთები კინჩხაში, წმიდალიანთან,ახოში და ღვალბაჯანთან. ხონში და მის სოფლებში: კუხში, გუბში, პატარა ჯიხაიშში, ქუტირში,ნოღაში, გორდში, კინჩხასა და ღვედში შემორჩენილია შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის გორანამოსახლარები –„გორიკები“, რომლებთანაც მოსახლეობა დღემდე პოულობს ბრინჯაოს საბრძოლო, სამეურნეო, საკულტო-სარიტუალო დანიშნულების სხვადასხვა ნივთებს და სპილენძის ზოდებს.

    კინჩხაში ნაპოვნია ანტიკური ხანის ოქროს ფული, მეფე აკის (ძვ. წ. III საუკუნის

კოლხეთის მეფე) სტატერი, თვით ხონში კი „კოლხური თეთრის“ მონეტათა განძები 1270 ცალი,ბიზანტიური თუ თურქული მონეტები, რაც განვითარებულ საბაზრო ეკონომიკაზე მიუთითებს.შუა საუკუნეებამდე ხონი მეფის დომენში შედიოდა. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში უნდა ყოფილიყო აგებული ეკლესიები ხონის ახლომახლო სოფლებში პირველმოწამეთა სახელზე: წმინდა სტეფანესი -ხონში, წმინდა გიორგის 14 ეკლესია სხვადასხვა სოფლებში, წმინდა მარინეს პატარა სამლოცველო  გელავერში, კინჩხაში- ტარეში, ხიდზე-ობუჯი.

   ამჟამად ეპარქიის ტერიტორიაზე განლაგებულია მეტად საინტერესო ქრისტიანული არქიტექტურის ძეგლები. VIII საუკუნის ბოლოსაა აგებული საკათედრო საყდარი - ხონის წმინდა გიორგის ეკლესია.მუნიციპალიტეტის ცენტრი - ქალაქი ხონი ეკუთვნის დასავლეთ საქართველოს იმ პატარა ქალაქების რიცხვს,

რომლებიც ფეოდალურ ხანაში აღმოცენდნენ და განსაკუთრებით განვითარდნენ XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ქალაქი ხონი წარმოიშვა წმინდა გიორგის

ეკლესიის გარშემო.

   1529 წელს ხონი გახდა საეპისკოპოსო ცენტრი, რამაც ხელი შეუწყო მის ტერიტორიულ ზრდასა და სამეურნეო-ეკონომიკურ აღმასვლას. XVIII ს-ში ხონი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს, რომელსაც გააჩნდა სავაჭრო და

ეკონომიკური კავშირები სამხრეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში, სამხრეთ რუსეთში.

რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობისა და რუსული მმართველობის პერიოდში ხონი გახდა ვაკის მაზრის ცენტრი. 1846 წლიდან ქუთაისის გუბერნიის

შექმნის შემდეგ ხონი ქუთაისის მაზრაში შედიოდა. 70– იანი წლიდან იგი იყო საპოლიციო უბნის ცენტრი მე-19 საუკუნის 20-30 იან წლებში ხონი იყო მჭიდროდ დასახლებული პუნქტი. 50- იან წლებში აქ გაიხსნა თამბაქოს ბაზრობა. თამბაქოს გარდა აქ იყიდებოდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტები და ასევე სხვადასხვა კუსტარული ნაწარმი. საგლეხო რეფორმის შემდეგ, მიუხედავად იმისა რომ რკინიგზა გაყვანილი იქნა ხონიდან 18 კილომეტრში- სამტრედიაში და

კონკურენციას უწევდა მას, ხონის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა. ეს აიხსნება პირველ რიგში იმით, რომ აქ გამორჩეულად კარგად ვითარდებოდა სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა, მცირე, კუსტარული წარმოება, ვაჭრობა. მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობაც.საქართველოს ჩართვას მსოფლიო საქონელბრუნვაში, ხონში მოჰყვა სავაჭრო საწარმოების ზრდა. ისინი მარაგდებოდნენ საქონლით რუსეთის, ევროპისა და ამერიკის დიდი სამრეწველო

ცენტრებიდან. მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიან წლებში, დაბა ხონი ქუთაისის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი იყო იმერეთში. გამართული იყო წყლის ძრავაზე მოქმედი ხე-ტყის და საფეიქრო ფაბრიკები,

მოქმედებდა აგურ-კრამიტის ქარხანა, ათობით კუსტარული სახელოსნო და სამჭედლო, აღმავალი გზით ვითარდებოდა მეაბრეშუმეობა. ხონი გახდა

საქართველოში აბრეშუმის ძაფისა და ნართის დამზადების უმსხვილესი ცენტრი.

ხონის ბაზარი, რომელიც ეწყობოდა პარასკევობით, ჯერ კიდევ ფეოდალური ეპოქიდან იყო ცნობილი არა მარტო საქართველოში არამედ მთელ ამიერკავკასიაში.

1892 წელს ნ. ნიკოლაძის, ნ. წერეთელის, ი. შარაშიძისა და სხვათა ინიციატივით

გაყვანილი იქნა არხი მდინარე ცხენისწყლიდან ხონი-ჯიხაიშის მიმართულებით, რომლის მეშვეობით ირწყვებოდა 12 ათასი დესეტინა მიწის ფართობი. ხონი ქალაქად ოფიციალურად აღიარებული იქნა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. ხონის მოსახლეობა ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ქვეყნის სოციალურ და საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი ისტორიულად დასავლეთ საქართველოს ერთ- ერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქ არსებობდა სხვადასხვა სასწავლო დაწესებულება. მათ შორის კარგად ცნობილი (არა მარტო საქართველოში) სამასწავლებლო სემინარია.

ხონი თეატრალური ტრადიციების ქალაქია. პირველი თეატრალური წარმოდგენა

გაიმართა 1865 წელს.1907 წელს ჩამოყალიბდა პატარა პროვინციული თეატრალური დასი.

   საქართველოში პირველი სასულე ორკესტრი დაბა ხონში ჩამოყალიბდა 1890 წელს .

ორკესტრმა მალე გაითქვა სახელი და პოპულარობა მოიპოვა მთელ იმერეთში.

ხონში აღიზარდა მრავალი ღვაწლმოსილი ადამიანი, რომლებმაც განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

ესენია: პოეტები და მწერლები: ირაკლი აბაშიძე, პოლიკარპე კაკაბაძე, მარიამ

გარიყული(თათეიშვილი), მხატვრები: დავით კაკაბაძე, აპოლონ ქუთათელაძე, კორნელი სანაძე. კინორეჟისორები: დავით რონდელი(ცაგარეიშვილი), ვლადიმერ კარსანიძე, შალვა ჩაგუნავა, ნანა მჭედლიძე. ცნობილი ხელოვნებათმცოდნე, აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე, კიბერნეტიკოსი ვლადიმერ ჭავჭანიძე, აკადემიკოს-ფარმაკოლოგი იოველ ქუთათელაძე, ენათმეცნიერი შოთა ძიძიგური, დირიჟორი ზაქარია ხუროძე, მსახიობები: იპოლიტე ხვიჩია, გურამ საღარაძე და სხვები.__

 

  • ბ უ ნ ე ბ რ ი ვ ი  ძ ე გ ლ ე ბ ი :

მდინარე ცხენისწყლის ხეობა.

ასხის მთის ალპური ზონა

მდინარე ოკაცეს კანიონი.

კარსტული მღვიმეები ასხის მთაზე, მდინარე ტობის აუზში

დადიანის ტყე-პარკი სოფელ გორდში

გორდის მღვიმე

„წმინდალიანის გამოქვაბული“ კინჩხაში

თურჩუს მთის გამოქვაბულები

კლდეიდას მღვიმე, გორდისა და კინჩხის საზღვარზე

ღვალბაჯანის გამოქვაბული კინჩხა-ღვედის საზღვარზე

ქვაბიკარის მღვიმე ღვედში

ჭირკარის მღვიმე მათხოჯში

სათევზიის მღვიმე ძეძილეთში

 

  • ი ს ტ ო რ ი უ ლ ი   ძ ე გ ლ ე ბ ი,  ე კ ლ ე ს ი ა – მ ო ნ ა ს ტ რ ე ბ ი

 

ქალაქი ხონი:

ხონი სამტრედიის ეპარქიის რეზიდენცია (1996წლიდან), 1881 წ. -ყოფილი სამასწავლებლო სემინარია

„წმინდა გიორგის ეკლესია“, VIII-XI საუკუნე

სოფელი მათხოჯი:

„წმინდა ბასილის ეკლესია“, 1864 წ.

„წმინდა ნინოს დედათა მონასტერი“, 1872 წ

მათხოჯის ციხე სიმაგრე, ანტიკური ხანა

სოფელი ხიდი:

ობუჯის ნაეკლესიარი, გვიანი შუა საუკუნე

„ბუმბუას“ ანუ პომპეუსის ხიდი, ძვ.წ.აღ. 65 წ.

სოფელი სუხჩე:

ღვთისმშობლის ეკლესია, შუა საუკუნეები

სოფელი გორდი:

რეხის ციხე სიმაგრე დიდღვაბუნაში, გვიანი შუა საუკუნე

დადიანთა კარის ეკლესია, 1806 წ.

ბანგვეთის ეკლესია, X-XI საუკუნე      

ველის ციხე,    XVIII საუკუნე

მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია, XIX საუკუნე

დავით დადიანის წყარო, XIX საუკუნე

დედოფლის წყარო, XIX საუკუნე

დადიანთა ტყე-პარკი, XIX საუკუნე

დადიანების კარის წმინდა გიორგის ეკლესია, XVIII საუკუნე

სოფელი ნოღა:

ნოღის ეკლესია, გვიანი შუა საუკუნე

ნოღის ციხესიმაგრე „უქიმერიონი“, შუა საუკუნე

სოფელი კინჩხა:

უძველესი სამლოცველო - სამსხვერპლო, ეკვდერი, ჯვრის ტიპი სამარხ-სარკოფაგებით, მრავალსაუკუნოვანი ურთხელის ხეებით

მაცხოვრის ეკლესია, გვიანი შუა საუკუნე

წმინდა გიორგის ეკლესია, შუა საუკუნე

ტარეშის ეკლესია და აკლდამა, შუა საუკუნე

ნაქალაქარი კიბულა, შუა საუკუნე

სოფელი ძეძილეთი:

მთავარანგელოზის ეკლესია,

გვაშტიბის ეკლესია, XVII საუკუნე

გვაშტიბის ციხესიმაგრე, XVII საუკუნე

სოფელი გელავერი:

მარინეს სახელობის ეკლესია, XVIII საუკუნე

სოფელი ღვედი:

ღვედის ციხე კოშკი,

სოფელი ქუტირი:

წმინდა გიორგის ეკლესია, 1872 წ.

სოფელი პატარა ჯიხაიში:

მაცხოვრის ეკლესია, 1897 წ.

წმინდა გიორგის ეკლესია, 1790 წ.

სოფელი საწულუკიძეო:

კვირიკესა და ივლიტას ნაეკლესიარი, XIX საუკუნე

სოფელი ახალბედისეული:

უძლოურის მაცხოვრის სახელობის ეკლესია 1319 წ.

სოფელი ახალშენი:

ნამაშევის ციხესიმაგრე მუხურისი, შუა საუკუნე

ახალშენის კათოლიკური ეკლესია, 2005 წ.

 სოფელი კუხი:

პატარა კუხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, 2005 წ.

სოფელი ნახახულევი:

„წმინდა ბარბარეს “ სახელობის ეკლესია, 2005 წ.

სოფელი ივანდიდი:

იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, 2005 წ.

ადმინისტრაციული ერთეულები; მოსახლეობა

            ხონის მუნიციპალიტეტში შედის 12  ადმინისტრაციული ერთეული: ქალაქი ხონი, გორდის ადმინისტრაციული ერთეული, გოჩა - ჯიხაიშის ადმინისტრაციული ერთეული, გუბის ადმინისტრაციული ერთეული, დედალაურის ადმინისტრაციული ერთეული,  ივანდიდის ადმინისტრაციული ერთეული, კინჩხის ადმინისტრაციული ერთეული,კუხის ადმინისტრაციული ერთეული, მათხოჯის ადმინისტრაციული ერთეული, ნახახულევის ადმინისტრაციული ერთეული, ქუტირის ადმინისტრაციული ერთეული, ძეძილეთის ადმინისტრაციული ერთეული.

          ქალაქი ხონი

ქალაქი ხონი დასავლეთ საქართველოს ერთ - ერთი გამორჩეული და კოლორიტული ქალაქია. იგი ყოველთვის თვალსაჩინო როლს თამაშობდა ჩვენი ქვეყნის სოციალურ- ეკონომიკურ,პოლიტიკურ  და კულტურულ ცხოვრებაში.

   ქ. ხონი მდებარეობს ქვემო იმერეთში, მდინარე რიონის  მარჯვენა შენაკადების ცხენისწყალსა და გუბისწყალს შორის , ქ. თბილისიდან 266 კმ-ის, ქ. ქუთაისიდან 28 კმ-ის, ქ. სამტრედიიდან 19 კმ-ის, ქ. წყალტუბოდან 15 კმ-ის, ქ. მარტვილიდან 15 კმ-ის მანძილზე.

  ქ. ხონის გეოგრაფიული მდებარეობა განისაზღვრება შემდეგი მონაცემებით: გრძედი 42°25’, განედი 42°20’ , სიმაღლე ზღვის დონიდან 114 მეტრია. ხონში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის რბილი თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული, საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის +14,3°, ნალექების რაოდენობა წლის განმავლობაში 1790 მმ.

  ხონის მატერიალურ-კულტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია წმ. გიორგის ეკლესია(მე-8 საუკუნის) დიდი ზომის ბაზილიკური, სამნავიანი, უგუმბათო ნაგებობა. ამჟამად იგი ხონი-სამტრედიის ეპარქიის საკათედრო ტაძარია.

 ქალაქის ცენტრში, წმ. გიორგის ეკლესიის მახლობლად მდებარეობს ხონი-სამტრედიის ეპარქიის რეზიდენცია (1996 წელს ხონმა დაიბრუნა თავისი საეკლესიო ფუნქცია- აღდგენილ იქნა ხონის ეპარქია).

ხონს ამშვენებს მე-19 საუკუნეში გაშენებული ბულვარი, სადაც ხარობს ეგზოტიკური მცენარეები და საუკეთესო დასასვენებელი ადგილია ხონელებისა და ქალაქის სტუმრებისათვის.

    განახლებულ ისტორიულ მუზეუმში შესაძლებელია ამომწურავი ინფორმაციის მიღება, ქალაქისა და მთლიანად ხონის მუნიციპალიტეტის ისტორიულ წარსულზე.

   ქალაქში არის მრავალფეროვანი ლიტერატურით მდიდარი, მთავარი და საბავშვო ბიბლიოთეკები. გამოდის ოთხი გაზეთი: „ხონი“, „თაობა“, „თანადგომა“ , ,,ათინათი,,. ფუნქციონერებს ტელეკომპანია ,,მეგა -ტვ,, -ის წარმომადგენლობა.

    ხონი ოდითგანვე ითვლებოდა განათლებისა და კულტურის მნიშვნელოვან კერად დასავლეთ საქართველოში. დღეს აქ არის ოთხი საჯარო სკოლა, ერთი , ერთი გიმნაზია . ქალაქში სამი საბავშვო ბაღია.

   ქალაქში არსებულ კულტურის ცენტრში მუშაობს მდიდარი ისტორიის მქონე თეატრალური დასი, სასულე ორკესტრი,  ფოლკლორული ანსაბლი, თოჯინების თეატრი.არის მდიდარი ტრადიციების წარსულის მქონე მუსიკალური და სამხატვრო სკოლები. სიმღერისა და ქორეოგრაფიული ანსაბლები.

   სპორტული ობიექტებიდან აღსანიშავია სასპორტო სკოლა, კალათბურთისა და საჭიდაო დარბაზებით. ფეხბურთის სტადიონი და მინი სტადიონი.

   ჯანდაცვის საქმეს ემსახურება ქალაქში არსებული  სამედიცინო დაწესებულებები და სასწრაფო დახმარების სამსახური.

   ქალაქი სასმელი წყლით მარაგდება სოფ. მათხოჯში არსებული თვითდენითი წყლის სათავე ნაგებობებიდან.

   ბოლო პერიოდში ბევრი რამ კეთდება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობისთვის.

  ქ. ხონში, ოთხშაბათობითა და კვირაობით დღესაც იმართება დიდი ბაზრობა (ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ხონი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს).

 

  •           ტრადიცია

ხონელების ტრადიციული დღესასწაული იყო „გიორგობა“. გაზაფხულის 6 მაისი და შემოდგომის 23 ნოემბერი.  ამ დღესასწაულზე იკრიბებოდა მთელი იმერეთის მოსახლეობა. დღესასწაულს ესწრებოდნენ მეფე-მთავრები. არსად ისეთი დიდი „გიორგობა“ არ ეწყობოდა, როგორც ხონსა და ილორში (ხონშია დაკრძალული წმ. გიორგის მარჯვენა მკლავი, მარცხენა კი ილორში). ცნობილი პუბლიცისტი ილია ხონელი წერდა, ქვემო იმერელის გაგებით, ეს იყო უდიდესი დღესასწაული, რომელსაც არაფერი შეედრებოდა მთელს მსოფლიოში. „გიორგობა“ არამარტო საეკლესიო დღესასწაული იყო, არამედ მას თან ახლდა მრავალფეროვანი სანახაობანი: სპორტული ასპარეზობა ბურთაობა, მარულა, ჯირითი, ხალხური თვითშემოქმედების დემონსტრირება.

    1998 წლიდან ყოველწლიურად, 6 მაისს  „გიორგობას“ ასევე აღინიშნება სახალხო ზეიმი „ხონელობა“. სადღესასწაულო წირვის შემდეგ კვლავ ეწყობა სხადასხვა სახის ღონისძიებები, სახალხო სეირნობა ხონის ბულვარში ცნობილი სასულე ორკესტრის ჰანგებზე. ხდება წლის საპატიო ხონელების დასახელება და მრავალი სხვა.  ამ დღეს ხონს კვლავ ბევრი სტუმარი ჰყავს. განსაკუთრებით მის გარეთ მცხოვრები ხონელები მოიჩქარიან მშობლიური ქალაქისაკენ.

  •           დაძმობილებული ქალაქები

                  1998 წელს ქ. ელისტაში ხელი მოეწერა ქალაქების ხონისა (საქართველო) და ელისტის (ყალმუხეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია) დაძმობილების კომუნიკეს.

      2008 წელს ქ. ხონში ხელი მოეწერა  ბოსკი სანტ ანნას კომუნასა (ვერონა, იტალია) და ქალაქ ხონის დაძმობილების კომუნიკეს.

 

  • ხონის ტურისტული პოტენციალი

ხონის ტურისტული პოტენციალი ხონის ბუნებრივი ძეგლები და ისტორიული ღირშესანიშნაობები კარგ პერსპექტივას ქმნის სხვადასხვა სახის ტურიზმის განვითარებისათვის. ტურიზმის თვალსაზრისით საინტერესოა:

 

  • მდინარე ცხენისწყლის ხეობა

მდინარე ცხენისწყლის ხეობა აღმოსავლეთის დიდი სააბრეშუმოგზის ერთი წვერი ქუთაისის, ხონის, ბუმბუას ხიდის და ნაქალაქევის გავლით შავ ზღვას აღწევდა. მისი ერთი ტოტი გახლდათ ცხენისწყლის ხეობის გზა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისაკენ. ( ხონის სიახლოვეს ამ გზის გასწვრივ 1272 ცალი ანტიკური ხანის მონეტაა ნაპოვნი). ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული შიგა გზა ჩვენს წინაპრებს საგანგებოდ გაუმაგრებიათ ციხეებით: უნაგირა (ხუნწში), მათხოჯის ციხე, დიდღვაბუნის ანუ ქვედა გორდის ციხე, რეხის ციხე, ველისა და მეჭიის ციხეები, ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე გვაშტიბის ციხე და სხვ. მდინარის ხეობა და ამ ხეობაში არსებული ისტორიული ძეგლები მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისით.

     ცხენისწყალი მეტად პერსპექტიულია ასევე პატარა სპორტული ნავებით სამოგზაუროდ, სათავიდან შესართავამდე. ამ დანიშნულებით ადრე იყენებდნენ კიდეც მდინარეს.

 

  • ასხის მთა

      ასხის მთა ასხის სუბალპიური მთის მასივის კალთებს ზღვის დონიდან 1800 მეტრამდე წიწვოვანინი ტყე ფარავს. მისი გლუვზედაპირიანი ბორცვები გამოყენებულია საზაფხულო საძოვრებად. მათგან უმაღლესი ბორცვის – ლეხის სიმაღლე 2449 მეტრია. მასივის ეს ნაწილი ივნისის პირველ დეკადამდე დაფარულია თოვლით და თავისი ბუნებრივი პირობებით არ ჩამოუვარდება გუდაურსა და ბაკურიანს. იგი ქუთაისიდან 50 კილომეტრზეა.

       ასხის მთა სპელეოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან პერსპექტიულია. იგი მდიდარია კარსტული მღვიმეებით. მდინარე ტობის აუზში, ორიოდე კილომეტრის რადიუსში 17 მდე კარსტული მღვიმეა აღმოჩენილი, სადაც მრავლადაა სტალაქტიდები, ბუნებრივი სვეტები. ზოგიერთი მღვიმის ფსკერზე გაედინება მიწისქვეშა წყლების ნაკადი, რომლებიც მიწის ზევით ულამაზეს ჩანჩქერებად გვევლინება. აქ გამოვლენილი და აგეგმილი მონაკვეთების ჯამური სიგრძე 2500 მეტრს აღემატება. მღვიმეები ერთმანეთთან დაკავშირებულია გვირაბების რთული სისტემით და მისი სავარაუდო სიგრძე 15 კილომეტრს აღწევს.

  • მდინარე ოკაცეს კანიონი

 მდინარე ოკაცეს კანიონი ოკაცე ასხის მთიდან მოედინება. მისი უძველესი – მილიონ წელზე მეტი ხნის და ულამაზესი კანიონის სიგრძე 16 კილომეტრამდეა. სიგანე ზოგ ადგილებში აღწევს 10-15 მეტრს, სიღრმე კი 50 მეტრზე მეტია. ბევრგან გადებულია ბუნებრივი ქვის ხიდი („ქვახიდა“), ერთი მათგანია „ბოგა“, რომლის ქვემოთ კანიონის სიღრმე 100 მეტრს აღწევს. კანიონს აქვს მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები. ოკაცეს კანიონში აღმოაჩინეს ტექტონიკური ნასხლეტები. მდინარე ქმნის მრავალ წყალვარდნილს, რომელთაგან უდიდესი 80 მეტრზე მეტია და ტბებს, რომელთა გამჭირვალე მოლურჯო-მომწვანო წყლის ქვემოთ თეთრი ფსკერი აირეკლება. მდინარე ოკაცეს გორდის მონაკვეთზე მოწყობილია კიდული ბილიკები, რაც საშუალებას იძლევა მდინარის ლანდშაფტის უკეთ დასათვალიერებლად. ვიზიტორთა სახლიდან ბილიკი დადიანის ტყე-პარკს გაივლის , სადაც შესაძლებელია სასახლის ნანგრევებისა და დადიანთა კარის ეკლესიის დათვალიერება .

  • პარკს 50 ჰექტარი მიწა უჭირავს

     სამეგრელოს ბოლო მთავარმა( 1923 წლამდე გორდი-კინჩხა, სენაკის მაზრაში შედიოდა), დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ჭავჭავაძემ მე-19 საუკუნის 40 - იან წლებში ამ ტერიტორიაზე განსაკუთრებული მშენებლობები წამოიწყეს. არქიტექტორ ვასილიევის პროექტით აიგო ორი შესანიშნავი სასახლე. მათგან ერთი - აჯანყებულმა სოციალ-დემოკრატებმა დაწვეს 1905 წელს (ამჟამად მეორეც დაინგრეულია). 15 ჰექარი უჭირავს უცხოელი დეკორატორების მიერ გაშენებულ წალკოტს ხეივნებით, საყდარით, წყაროებით და გედების ტბით.

 

  •  კიბულა

      კიბულა მასიური კლდის ზღუდით „შემორაგვული“, დასავლეთისკენ დახრილი ველი სოფელ კინჩხაში. სადაც ალაგ- ალაგ ხელოვნური დანაშენით ამაღლებული, კლდეში გაჭრილია ციხისკარი, მამუკასკარი. აქვეა ვეებერთელა ნანგრევები „ნადარბაზევი“. ჩრდილო მხარე ვებერთელა გალავნითაა გამაგრებული. დღემდე შემოინახა თიხის მილებისაგან გაკეთებული წყალგაყვანილობის სისტემა. მნახველს ანცვიფრებს გალავნის ქვათა სიდიდე.

 

  • ტარეში

მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი სოფელ კინჩხაში. ის არის დღემდე შემორჩენილი წარმართობისდროინდელი წალკოტის ნაშთი, სადაც ქრისტიანებს წმინდა სამების სახელზე სამი ურთხელი დაუტოვებიათ, სხვები გაუჩეხიათ. მათგან ერთი დღესაც არის. იგი ერთ –ერთი ყველაზე ასაკოვანი ხეა საქართველოში. იქვეა წყარო, უძველესი ეკლესიის ნანგრევები. ასევე კლდეში ოვალურად ამოშენებული თაღებიანი, ნახევარწრის ფორმის აკლდამა. (VI- VIII ს.)

 

  •  ხოჩოლი

ადრეული რკინის ხანის გორანამოსახლარია, სადაც აღმოჩენილია რკინის საომარი ნაჯახი და სხვა ( კინჩხის ეს ძეგლები გზის სიახლოვესაა).

 

  •  „სათევზიისკარსტული მღვიმე

     მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ძეძილეთში. იგი „პრომეთეს“ მღვიმიდან (ს. ყუმისთავი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) 7 კმ-ის მანძილზეა.

     გასული საუკუნის 70-80 იან წლებში სპელეოლოგებისა და მედიკოსების მიერ შესწავლილი იქნა მღვიმე და დადგინდა მისი უნიკალურობა როგორც ბუნებრივი ძეგლის ისე სამკურნალო თვალსაზრისით. მღვიმის დარბაზებში უხვადაა სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ტბები და სხვა. „სათევზიის“ მღვიმე საჭიროებს საბოლოო შესწავლას და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც მას მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტად აქცევს.

     აღსანიშნავია, რომ მღვიმე მდებარეობს მდინარე ოკაცეს კანიონის სიახლოვეს, რომლის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დაწყებულია.

  •  ხონის საკათედრო ტაძარი

ხონის საკათედრო ტაძარი წმინდა გიორგის ეკლესია (VIII ს.). სამნავიანი ბაზილიკური ტიპის უგუმბათო ნაგებობა. აგებულია სადა, თეთრი ნათალი ქვით.აღტაცებას იწვევს ეკლესიის მხატვრობა. კედლებზე დაცულია ისტორიული ხასიათის რამდენიმე წარწერა და ფრესკა. ხონის საყდარში დაცული რელიქვიებიდან ,აღსანიშნავია წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი დიდი ხატი, რომელსაც აღტაცებაში მოჰყავს ხელოვნებათმცოდნეები.

     ხონშია დაკრძალული წმინდა გიორგის მარჯვენა მკლავი, (მარცხენა კი ილორში).

     1996 წლიდან, ეპარქიის აღდგენის შემდეგ წმინდა გიორგის ეკლესია, ხონი-სამტრედიის ეპარქიის საკათედრო ტაძარია.

  • მუზეუმები:

   ხონის ისტორიული მუზეუმი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, დ. გურამიშვილის ქ. №3 -ში. მუზეუმშიდაცულია ათობით უნიკალური ძეგლი, ხელნაწერი და დოკუმენტი. აღსანიშნავია კოლხური თეთრის სამი განძი, ჭედური ხელოვნების, ბრინჯაოსა და რკინის ეპოქის ძეგლები, მდიდრული სამარხეული ინვენტარი და შესანიშნავი ეთნოგრაფიული ნივთები. აქვეა მუზეუმის მიერ გადარჩენილი საღვთისმეტყველო წიგნები, წმინდა ბიბლიები, ხატები, ჯვრები. მხარის პრეისტორიას, ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანას, ფეოდალურ ეპოქას, IX-XX საუკუნეებს დათმობილი აქვს მუზეუმის ოთხი მოზრდილი საგამოფენო დარბაზი. ბოლო დარბაზებში გამოფენილია მხარის ყოფისა და ცხოვრების მასალები, აგრეთვე შინამრეწველობა. მნახველებს შესაძლებლობა აქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ქალაქისა და მთლიანად ხონის რაიონის ისტორიულ წარსულზე, სახელოვან ხონელებზე.

     მუზეუმს აქვს სამი განყოფილება: საბრძოლო დიდების მუზეუმი პოლიკარპე კაკაბაძისა და ირაკლი აბაშიძის მემორიალები.

  • ხონის ისტორიული მუზეუმი

     საბრძოლო დიდების მუზეუმი საბრძოლო დიდების მუზეუმი მდებარეობს იგივე შენობის მეორე სართულზე. მუზეუმს აქვს 6 საექსპოზიციო დარბაზი და 2 ოთახი. აქ ასახულია ხონელების მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც 7000-მდე ხონელი იღებდა მონაწილეობას და აქედან 4000 ბრძოლი ბრძოლის ველზე დაეცა, მათგან ოთხმა გმირის წოდება მიიღო. მუზეუმის ეროვნულ დარბაზში კარგად არის ასახული იმ მამულიშვილთა მამაცობა და თავდადება, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლებს: აფხაზეთში, სამაჩაბლოში და 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესიას.

  •  ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმი

   მდებარეობს ქ.ხონში,აბაშიძის ქუჩაზე. აქ ტურისტი გაეცნობა ირაკლი აბაშიძის ბავშვობასა და ყრმობას, მის პატრიოტულ ლირიკას, მწერლის წვლილს ქართული ენციკლოპედიის გამოცემაში. იხილავს მის პირად ნივთებს, ხელნაწერებს და სხვა.

  • პოლიკარპე კაკაბაძის სახლ-მუზეუმი

    გამოჩენილი ქართველი დრამატურგისა და საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმი ბდებარეობს ქ. ხონიდან 2 კილომეტრში, სოფელ პატარა კუხში. მუზეუმში დაცული მასალების მიხედვით შესაძლებელია მნახველი უკეთ გაეცნოს მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, დაათვალიეროს მისი ნაშრომების გამოცემები, პირადი ნივთები და სხვ.

  •