მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ხონის თეატრს 160 წლის იუბილე მიულოცა
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრში ნოდარ დუმბაძის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლის “ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ” (რეჟისორი , გოჩა კაპანაძე) პრემიერა შედგა.
იუბილეს ასევე მიეძღვნა აფიშებისა და თეატრის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა.
დაჯილდოვდნენ ხონის თეატრის მოქმედი და ღვაწლმოსილი მსახიობები. საპატიო სიგელები გადაეცათ მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს მარიკა რუხაძესა და ხონის კულტურის ცენტრის დირექტორს მინერი ონიანს. თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ირაკლი აბაშიძის სახელობის ჯილდო გადაეცა ხონის მუნიციპალიტეტის მერს, ლადო ჯურხაძეს.
,,ეს ხანგრძლივი ისტორია შეუფასებელი განძია ჩვენი ქალაქისთვის, რომელშიც იკითხება ბევრი ღირსშესანიშნავი ამბავი, წარმატებული პრემიერა, გასაოცარი მსახიობების ბიოგრაფიები, ათასობით სხვადასხვა თაობის მაყურებლის ემოცია. 160 წელია, ხონის თეატრში იბადება ახალი იდეები, იზრდებიან ნიჭიერი მსახიობები, თეატრის გულშემატკივრები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხონის თეატრი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა.
მჯერა, ისტორია ღირსეულად გაგრძელდება და ჩვენი თეატრი ყოველთვის იქნება სულიერი და კულტურული ერთობის ადგილი, ყველა ადამიანის საყვარელი სივრცე და ხელოვნების კერა.
გულწრფელად ვულოცავ თეატრის კოლექტივს, მსახიობებს, რეჟისორებს, მუსიკოსებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ტექნიკურ პერსონალს, ყველა იმ ადამიანს, ვინც შრომობს კულისებში და ქმნის იმ სასწაულს, რასაც მაყურებელი სცენაზე ხედავს.გისურვებთ შემოქმედებით აღმავლობას, ახალ წარმატებებს, მაყურებლის სიყვარულს და ნაყოფიერ წლებს”, – აღნიშნა ლადო ჯურხაძემ.
საიუბილეო ღონისძიებას ნიკა წულუკიძე უძღვებოდა.
ღონისძიებას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, რუსთაველის თეატრის მსახიობები, თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები და ადგილობრივები დაესწრნენ.
ღონისძიების დასასრულს ხონის თეატრისა და ხონის სასულე ორკესტრის ვარსკვლავები გაიხსნა.