მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ 2025 წლის 9 თვის ანგარიში წარადგინა
როგორც ლადო ჯურხაძემ აღნიშნა, 2025 წელს ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური და ჯანმრთელობის პროგრამების დაფინანსება, ეკონომიკური აქტივობები, სოფლის მეურნეობა, განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარება.
ანგარიშის თანახმად, ბოლო 9 თვის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაწესრიგებლად 7 192 846 ლარი დაიხარჯა. მოწესრიგდა სამელიორაციო არხები, საგზაო, სასკოლო და სკოლამდელი ინფრასტრუქტურა.
მერმა ასევე ისაუბრა რეგიონული განვითარების, სტიქიის პრევენციის ფონდების, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის, ევროკავშირის, განათლების სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
როგორც მერმა აღნიშნა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით 1 200 000 ლარამდე გამოიყო, რაც პროგრამების, ასევე ამ მიმართულებით არსებული სერვისების დაფინანსებას მოხმარდა.
ლადო ჯურხაძემ ყურადღება გაამახვილა მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამაზე და აღნიშნა, რომ ეს პროგრამა პრიორიტეტულად მნიშვნელოვანია როგორც მმართველობის ფორმის გაუმჯობესების, ასევე შედეგების თვალსაზრისითაც.
ანგარიშის წარდგენას ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მასწავლებლები, ახალგაზრდები, მუნიციპალიტეტში მოქმედი საბჭოების წარმომადგენლები, საზოგადოება ხონელის წევრები, მერის მრჩეველთა საბჭოს, ახალგაზრდული საბჭოს წევრები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.