ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ ახალი სკვერი , საზეიმო ვითარებაში, ოფიციალურად გახსნეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ბექა მანაგაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
„ეს სკვერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თავშეყრის ადგილი გახდა ჩვენს ქალაქში. ყოველდღიურად ვხედავ უამრავ ახალგაზრდას, ბავშვსა და უფროსს, რომლებიც საღამოობით აქ იკრიბებიან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი წარმატებულია.
როცა საკითხს იდეის დონეზე განვიხილავდით, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ამ სასიკეთო საქმეში კერძო სექტორიდან პარტნიორი გვყოლოდა . ძალიან სასიხარულოა, რომ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ხონელებისთვის პატივსაცემმა ბატონმა ვახტანგ წივწივაძემ. სწორედ მისი ჩართულობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების თანადაფინანსებით შევძელით ამ ახალი სივრცის შექმნა.
ახლა ჯერი თქვენზეა – გთხოვთ, გაუფრთხილდეთ , არ დააზიანოთ და ერთად შევინარჩუნოთ. მხოლოდ ასე შევძლებთ ბიუჯეტის დაზოგვას და სხვა ახალი ადგილების ათვისებასა და განაშენიანებას“- განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
სოლომონ მეორის ქუჩაზე განთავსებული მულტიფუნქციური სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და სხვადასხვა ასაკის მოქალაქეზეა გათვლილი.
სკვერი აღჭურვილია დასასვენებელი ზონებით, საბავშვო მოედნით, სპორტული კუთხითა და ღია საზოგადოებრივი სივრცით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის.
სკვერის დანიშნულებაა:
• ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესს;
• გააუმჯობესოს საზოგადოების სოციალური ურთიერთობები;
• შექმნას უსაფრთხო და კომფორტული გარემო, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია დროის სასიამოვნოდ გატარება;
• ახალგაზრდებისთვის — გახდეს თვითგამოხატვის, არაფორმალური განათლებისა და აქტიური დასვენების ადგილი;
• ზრდასრულებისთვის — ადგილი, სადაც შესაძლებელია დასვენებისა და სპორტული აქტივობების კომბინირება, შეხვედრები თანამოქალაქეებთან და ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
