მიმდინარეობს საიტის განახლება

ლადო ჯურხაძის ინიციატივით, ხონში პირველად ინვესტორთა ფორუმი გაიმართა
მუნიციპალიტეტის მერის ლადო ჯურხაძის ინიციატივით, ხონში პირველად ინვესტორთა ფორუმი გაიმართა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება” ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტისა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის თანამშრომლებმა მთავრობის წევრებს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ,იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი მამუკა ცოტნიაშვილი, ხონის ინვესტორთა საბჭოს წევრები – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და კანცლერი ვახტანგ წივწივაძე და ბიზნესმენები პეტრე მგალობლიშვილი, ალექსი ბაიდოშვილი, ირაკლი ფირცხალეიშვილი, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, ხონის ეკონომიკური პოტენციალით დაინტერესებული პირები, განათლების სექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები.
შეხვედრაზე ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ პროექტის დასრულების საბოლოო ანგარიში წარადგინა, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მოწვეულ სტუმრებს საინვესტივიო წინადადებები გააცნო.
პროექტის განსახორციელებლად ხონის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირისგან 2023 წელს 1 026 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო.
აღებული ვალდებულებების შესრულების 30 თვიან მონაკვეთში ხონში სოციალური, ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, საგრანტო აქტივობები განხორციელდა . შემუშავდა მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პორტფოლიო , ციფრული პლატფორმები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა პანელური დისკუსია . მონაწილეებმა ისაუბრეს ხონის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე,განათლებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.
მოწვეულმა ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს ხონის ენერგეტიკულ შესაძლებლობაზე, მწვანე პროექტებზე, მომზადება გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამების საჭიროებებზე.
ინვესტორთა ფორუმის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთს,, თანამშრომლობისთვის, მოწვეულ სტუმრებს საკითხით დაინტერესებისთვის და ჩართულობისთვის. მან ასევე, ხაზი გაუსვა პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის მერიის იმ თანამშრომლების ძალისხმევას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.