ხონის მუნიციპალიტეტის მერია, მერის – ლადო ჯურხაძის ინიციატივით, ახალგაზრდებისთვის რობერტ შავლაყაძის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებას განაგრძობს.
რობერტ შავლაყაძის სახელობის სტიპენდია გაიცემა ხონში რეგისტრირებულ სპორტსმენზე, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატზე მოპოვებული აქვს პირველი ადგილი; ევროპის ჩემპიონატზე მიღებული აქვს პირველი, მეორე ან მესამე ადგილი; სპორტსმენზე, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული აქვს პირველი, მეორე ან მესამე ადგილი და სპორტსმენზე, რომელსაც ოლიმპიადაზე დაკავებული აქვს პირველი, მეორე ან მესამე ადგილი.
სახელობითი სტიპენდია წარმატებულ სპორტსმენზე თვეში ერთხელ, ერთი წლის განმავლობაში გაიცემა.
სტიპენდიის მისაღებად, სრულწლოვანმა სპორტსმენმა, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – მისმა წარმომადგენელმა, ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, ასევე სპორტსმენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მშობლის მომართვის შემთხვევაში – მისი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლთან ერთად, სპორტსმენის დაბადების მოწმობის ასლი; მინდობილი პირის მომართვის შემთხვევაში – მისი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლთან ერთად, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სპორტსმენის საბანკო რეკვიზიტები; საინფორმაციო ბარათი სპორტსმენის ხონის მუნიციპალიტეტში სულ მცირე, ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგისტრაციის შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან, იუსტიციის სახლიდან, ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, გარდა იძულებით გადაადგილებული პირისა;
იძულებით გადაადგილებული პირის, დევნილის შემთხვევაში, დევნილის მოწმობის ასლი დროებით საცხოვრებელი ადგილის შესახებ. შესაბამისი ა(ა)იპ-ების ან ფედერაციების მიერ დამოწმებული დოკუმენტი – დიპლომი, სიგელი, მედალი, წერილი და ა.შ.
რამდენიმე კატეგორიაში პრიზიორები გათვალისწინებული სტიპენდიებიდან უმაღლესს მიიღებენ.
სახელობითი სტიპენდიის მინიჭების შესახებ წარდგენილ დოკუმენტაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური განიხილავს.
სპორტსმენებს სტიპენდია ხონის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე დაენიშნებათ.