ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც 2026 წელს განსახორციელებელი პროგრამები და პროექტები განიხილა და გასული წლის შედეგები შეაჯამა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოციალური, ჯანდაცვის, სკოლამდელი განათლების, კულტურისა და სპორტის პროგრამების დაფინანსებაზე, მიმდინარე წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე, აუდიტის სამსახურის სამოქმედო გეგმაზე, ასევე „რეგიონული განვითარების პროგრამისა“ და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების მიმდინარეობაზე.
აღინიშნა, რომ „სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის“ ფარგლებში გურამიშვილისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე დაგეგმილი სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია ხელსაყრელი ამინდის დადგომისთანავე განახლდება.
ასევე უახლოეს პერიოდში დაიწყება დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული გარე განათების სისტემების აღდგენა და გატარდება პრევენციული ღონისძიებები, რათა უხვი ნალექის დროს შემცირდეს ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების რისკი.
შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში ადგილობრივი ბენეფიციარების ჩართვის შესაძლებლობები და კონსულტირების საკითხები. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე კვლავ გრძელდება განაცხადების მიღება პროგრამების „დანერგე მომავალი“ და „ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსება“ ფარგლებში.
შეხვედრის დასასრულს ლადო ჯურხაძემ აღნიშნა, რომ 2026 წელს დაგეგმილი ყველა მიზნობრივი პროექტი და პროგრამა მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, ოპერატიულად და ეფექტიანად უნდა განხორციელდეს.