ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მერმა ყურადღება გაამახვილა სააღდგომო სამზადისთან დაკავშირებით. დაინტერესდა სასაფლაოებზე ქვიშის შეტანის პროცესის მიმდინარეობით, სანიტარული მდგომარეობითა და მისასვლელი გზების კეთილმოწყობის საკითხებით. მერის მოადგილის , გერასიმე მჟავანაძის განმარტებით, ყველა სოფლის სასაფლაოზე ქვიშა შეტანილია. ქალაქის რამდენიმე უბნის სასაფლაოს ქვიშით უზრუნველყოფა დღის ბოლომდე მოხდება.
დღესვე, საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა წლის პირველი კვარტალი შეაჯამა და აღნიშნა, რომ დეფიციტი არ წარმოქმნილა და ყველა ფინანსური აქტივობა გეგმის ფარგლებში განხორციელდა.
ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაასრულდა მოსახლეობის მიერ ინიცირებულ პროექტზე მუშაობა, რომელიც სოფელ საწულუკიძეოში ორი ქუჩის სახელდებას ითვალისწინებდა. საკითხი განსახილველად საკრებულოს გადაეგზავნა.