მიმდინარეობს საიტის განახლება

ლადო ჯურხაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალური სამსახურებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან, სადაც განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები და აქტივობები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსახლკარო პირთა აღრიცხვის პროცესს, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ მიმართულებით არსებული საჭიროებების სრულყოფილი იდენტიფიცირება .
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით აღინიშნა, რომ სოფლებში – კუხში, გუბში, ქუტირსა და მათხოჯში -აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებისა და ცხოვრების პირობებს.
მერის პირველი მოადგილის გერასიმე მჟავანაძის განცხადებით , სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე საკითხები დაზუსტდა და ტენდერი ხელახლა გამოცხადდა, რაც ხელს შეუწყობს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულ და ხარისხიან განხორციელებას.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამჟამად ა(ა)იპ ხონის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ახორციელებს აუდიტორულ შემოწმებას, რომლის მიზანია საქმიანობის ეფექტიანობისა და ფინანსური პროცესების შეფასება.
მუნიციპალიტეტის მერმა სამსახურების ხელმძღვანელებს მოუწოდა, მაღალი პასუხისმგებლობით, კოორდინირებული მუშაობითა და მაქსიმალური ჩართულობით დაგეგმონ და განახორციელონ ყველა მიმდინარე და სამომავლო აქტივობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესის ეფექტიანობა და მოსახლეობის ინტერესების სრულფასოვანი გათვალისწინება.