ძალიან დაძაბულ და გარდამავალ ბრძოლაში, ბაქარ გელენიძემ ვალერი რამაზანაშვილი დაამარცხა! | ახალი წლის მოლოდინი.. ✨🌙 ჩვენი კოპწია ხონი საახალწლოდ ზღაპრული და ჯადოსნური იქნება. 🌠ქალაქს ბრჭყვიალა ინსტალაციები ამშვენებს. 🎄ნავის ხის აწყობა დღეს დასრულდება. | 26 დეკემბერს ხონში გელოდებით ცენტრალურ მოედანზე 13:00 საათიდან. შევუქმნათ პატარებს საზეიმო განწყობა, ერთად ავანთოთ ნაძვის ხე და ერთად ვიზეიმოთ დამდეგი ახალი წელი! | იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ლევან ზალკალიანის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. | ა(ა)იპ ხონის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში, კალათბურთსა და ფრენბურთში ფინალური შეხვედრები გაიმართა. | ხონში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო სამედიცინო აქცია განხორციელდა |
ისტორია და გეოგრაფია
  • მ დ ე ბ ა რ ე ო ბ ა

ხონის მუნიციპალიტეტი გეოგრაფიულად მოქცეულია აღმოსავლეთ განედის 42°22′ და 42°37′ – ს შორის, ჩრდილო განედის 42°14′ და 42°35′ – ს შორის. ტერიტორია კოლხეთის დაბლობის ჩრდილო–აღმოსავლეთი გაგრძელებაა. მისი მთიანი ზონა, ეგრისის ქედის სამხრეთი კალთებია. ვრცელდება მდინარე
ცხენისწყლის ქვემო დინების მარცხენა ნაპირიდან, მდინარე გუბისწყლის მარჯვენა ნაპირამდე.  ცხენისწყალი
ორ ნაწილად ყოფს მის მთიან ზონას. ხონს დასავლეთით ესაზღვრება მარტვილის, სამხრეთ–დასავლეთით – აბაშის, სამხრეთით – სამტრედიის, აღმოსავლეთით წყალტუბოს, ხოლო ჩრდილო–აღმოსავლეთით ცაგერის მუნიციპალიტეტები.

  • რ ე ლ ი ე ფ ი

რელიეფის მიხედვით ხონის მუნიციპალიტეტი სამ ზონად იყოფა: დაბლობი, მთის წინა და მთის ზონები.
დაბლობში მდებარე მუნიციპალიტეტის ცენტრი – ქალაქი ხონი და სოფლები: ივანდიდი, ქუტირი,
გვაზაური, პატარა ჯიხაიში, გუბი, კუხი, ახალშენი, კონტუათი, ნახახულევი, საწულუკიძეო და
მათხოჯი ზღვის დონიდან 62 – 200 მეტრზეა.  მთისწინა ზონის სოფლები: სუხჩა, ლეფილიე, ხიდი,
ბესიაური, დედალაური, უძლოური და ახალბედისეული–  200-500 მეტრზე და გამოირჩევიან
ალუვიური, ეწერი ნიადაგებით. მთიანი ზონის სოფლები: კინჩხა, გორდი, ღვედი, ძეძილეთი,
გვაშტიბი, გელავერი, ორაგვეთი, ნოღა და დიდღვაბუნა კი ზღვის დონიდან 1000 მეტრამდეა.

  • ტ ე რ ი ტ ო რ ი ა

ხონის ტერიტორია 429,5 კვ.კმ. – ა. მისი ჩრდილოეთი ნაწილი მთის ზონაშია მოქცეული, სამხრეთი ბარის ზონას განეკუთვნება
და კოლხეთის დაბლობის ჩრდილო აღმოსავლეთ მხარეს მოიცავს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 58% მთაგორიანია.
ყველაზე დაბალი ადგილია სოფელი ქუტირი – ზღვის დონიდან 62 მეტრი, ყველაზე მაღალი კი ლეხის მწვერვალი – ზღვის დონიდან 2436,7 მეტრი.

ტყეებს 20000 ჰექტარი უკავია. სასოფლო სამეურნეო სავარგულებს 18042 ჰექტარი. მათ შორის სახნავია– 8020 ჰექტარი, მრავალწლიანი ნარგავები  2251.33 ჰექტარი,  სათიბი 104 ჰექტარი და საძოვარი 7666 ჰექტარი.

ხონის მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 42 კილომეტრზე.
მისი მაქსიმალური სიგანე 17 კილომეტრია, მინიმალური – 7.

  • ჰ ა ვ ა

ხონი ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული კლიმატის ოლქში მდებარეობს და რელიეფის შესატყვისად
ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობით ხასიათდება. ვაკე–დაბლობზე თბილზამთრიანი და
ცხელზაფხულიანი ზღვის ნოტიო, სუბტროპიკული ჰავაა, სადაც საშ. წლიური ტემპერატურაა +14.3°,
იანვარი +5°, აგვისტო +23.4° ÷ +23.6°; აბსოლუტური მინიმალური -18°,-19°, აბსოლუტური
მაქსიმალური +41°. ვაკე დაბლობზე საშუალოდ წელიწადში 1460-1790 მმ ნალექი მოდის.
მთისწინეთში და დაბალმთიან ზონაში ასევე ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, ხასიათდება მცირე
ზამთარითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. აქ ზღვის დონიდან 700 მეტრამდე, საშუალო წლიური
ტემპერატურა +11.7° ÷ +12.4°- ის ფარგლებშია, იანვარში -2.9 ÷ -3.5°, აგვისტო +21°;
აბსოლუტური მინიმალური -21°, აბსოლუტური მაქსიმუმი +38°.

წელიწადში 2280-2400 მმ ნალექი მოდის. საშუალო მთიან ზონაში ცივზამთრიანი და ხანგრძლივ
გრილზაფხულიანი ნოტიო ჰავაა. ასეთივე ჰავაა რაიონის ყველაზე მაღალ ადგილებში ასხის
პლატოზე, იმ განსხვავებით, რომ იქ ზაფხული მოკლეა, ამასთან, საშუალო მთიან ზონაში ნალექები
უფრო უხვია, ვიდრე მთისწინეთსა და დაბალმთიანეთში.

  • ბ უ ნ ე ბ ა

მთის ზონა ტყეებითა და ბუჩქნარებითაა დაფარული და თავისი ხასხასა მდელოებით,
უმშვენიერესი წყაროებითა და ფოთლოვანი ტყეებით, ზღაპრული სილამაზის მთებითა და ჩანჩქერებით საუკეთესოა ტურიზმისა და
დასვენებისათვის. განსაკუთრებით საინტერესოა ასხის ალპური მთა (ზეგანი), მდინარე
ოკაცეს წყალვარდნილები და კანიონი,
ცხენისწყლის ხეობა და სხვა.

  • მდინარეები

ხონის ტერიტორიაზე გამდინარე მდინარეებიდან ყველაზე წყალუხვია ცხენისწყალი და
გუბისწყალი.  პატარა მდინარეებიდან აღსანიშნავია:
ოკაცე,  ნაბეჩო, ღალდა, მეჭია, ღარჩელა, სუხჩელა, კუხა, სემი, რაჩხა, ტობი და სხვა.
მდინარეებში გავრცელებულია თევზის ჯიშები:  წვერა,
ქაშაყი, საველა, ტოფი, კალმახი, ღორჯო და ნაფოტა და სხვა.

  • წყაროები

ხონის მთისწინა და მთის სოფლებში მრავლადაა წყაროები. მათ შორისაა ძველი
ცნობილი წყაროები: მთავრის წყარო (1832 წ.) და დედოფლის
წყარო (XIX ს.)  გორდის ტყე პარკში, პატარა ჯიხაიშის ღოღობერიძეების წყარო ( XVI ს.), სოფელ ხიდში წყარო ბინური (გიგას წყარო),
სოფელ მათხოჯის წყარო და სხვა.

  • ტყეები

სულ მუნიციპალიტეტის საზღვრებში არის 20000 ჰექტარი სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწა. მთის მიკროზონა , ფოთლოვანი ტყეებითა და
ბუჩქნარითაა დაფარული.აღსანიშნავია კინჩხაში კუთხის, გორდში თურჩუს და სხვა ტყეები, რომლებშიც იზრდება მუხა, ცაცხვი, წაბლი,
წიფელი,ველური მსხალი,ბალამწარა, მაჟალო, ლეკა, თხმელა,  კაკალი,  ნაძვი, ფიჭვი,  აკაცია, ტირიფი, ბზა და სხვა. აქ უხვადაა კენკროვანი
და სამკურნალო მცენარეები. ტყეებში ბინადრობს კურდღელი, ციყვი, მგელი, ტურა , მელა, დათვი .

 

  • ხონის ისტორიული წარსული

ხონი ისტორიული კოლხეთის შემადგენელი ნაწილია. მისი წარმოშობა და განვითარება მჭიდროდ უკავშირდება მასზე გამავალ უძველეს სავაჭრო–საქარავნო გზებს.კოლხეთის მიწას ახსოვს ასურეთის და ურარტუს მეფეების შემოსევები. სპარსთა და რომაელთა, სკვითთა და კიმერიელთა
გამანადგურებელი ლაშქრობები. ხალხი რომაელ სარდალს – გნეუს პომპეუსის (ძვ.წ. I ს.) სახელთან აკავშირებს დღემდე შემორჩენილ უძველეს ნახიდარს – ბუმბუას ხიდს. ამავე სოფელში შემორჩენილია ობუჯის წმინდა გიორგის საყდარის ნანგრევები, რომლის დანგრევა მურვან ყრუს ლაშქრობისას
უნდა მომხდარიყო. მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში, გორდს ეწვია რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე. მან გამოგზავნა რკინის
ხიდი, რომელიც სოფელს ემსახურა 1985 წლამდე. უძველესი ნახიდარებიშემორჩენილია ნოღაში, სუხჩასა და დედალაურში.

მიკვლეულია ძველისძველი ლითონსადნობების ნაშთები კინჩხაში, წმიდალიანთან,ახოში და ღვალბაჯანთან. ხონში და მის სოფლებში:
კუხში, გუბში, პატარა ჯიხაიშში, ქუტირში,ნოღაში, გორდში, კინჩხასა და ღვედში შემორჩენილია შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის გორანამოსახლარები –„გორიკები“, რომლებთანაც მოსახლეობა დღემდე პოულობს ბრინჯაოს საბრძოლო, სამეურნეო, საკულტო–სარიტუალო დანიშნულების
სხვადასხვა ნივთებს და სპილენძის ზოდებს. კინჩხაში ნაპოვნია ანტიკური ხანის ოქროს ფული, მეფე აკის (ძვ. წ. III საუკუნის კოლხეთის მეფე) სტატერი, თვით ხონში კი „კოლხური თეთრის“ მონეტათა განძები 1270 ცალი,ბიზანტიური თუ თურქული მონეტები,
რაც განვითარებულ საბაზრო ეკონომიკაზე მიუთითებს.შუა საუკუნეებამდე ხონი მეფის დომენში შედიოდა. ქრისტიანობის პირველ
საუკუნეებში უნდა ყოფილიყო აგებული ეკლესიები ხონის ახლომახლო სოფლებში პირველმოწამეთა სახელზე: წმინდა სტეფანესი –ხონში, წმინდა გიორგის 14 ეკლესია სხვადასხვა სოფლებში, წმინდა მარინეს პატარა სამლოცველო  გელავერში, კინჩხაში– ტარეში, ხიდზე–ობუჯი.

ამჟამად ეპარქიის ტერიტორიაზე განლაგებულია მეტად საინტერესო ქრისტიანული არქიტექტურის ძეგლები.
VIII საუკუნის ბოლოსაა აგებული საკათედრო საყდარი – ხონის წმინდა გიორგის ეკლესია.მუნიციპალიტეტის ცენტრი – ქალაქი ხონი ეკუთვნის
დასავლეთ საქართველოს იმ პატარა ქალაქების რიცხვს, რომლებიც ფეოდალურ ხანაში აღმოცენდნენ და განსაკუთრებით განვითარდნენ XIX საუკუნის მეორე ნახევარში.
ქალაქი ხონი წარმოიშვა წმინდა გიორგის ეკლესიის გარშემო.

1529 წელს ხონი გახდა საეპისკოპოსო ცენტრი, რამაც ხელი შეუწყო მის ტერიტორიულ ზრდასა და სამეურნეო–ეკონომიკურ აღმასვლას. XVIII ს–ში ხონი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს, რომელსაც გააჩნდა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები სამხრეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში, სამხრეთ რუსეთში.

რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობისა და რუსული მმართველობის პერიოდში ხონი გახდა ვაკის მაზრის ცენტრი. 1846 წლიდან ქუთაისის
გუბერნიის შექმნის შემდეგ ხონი ქუთაისის მაზრაში შედიოდა. 70– იანი წლიდან იგი იყო საპოლიციო უბნის ცენტრი მე-19 საუკუნის 20-30 იან
წლებში ხონი იყო მჭიდროდ დასახლებული პუნქტი. 50- იან წლებში აქ გაიხსნა თამბაქოს ბაზრობა. თამბაქოს გარდა აქ იყიდებოდა სოფლის მეურნეობის
სხვადასხვა პროდუქტები და ასევე სხვადასხვა კუსტარული ნაწარმი. საგლეხო რეფორმის შემდეგ, მიუხედავად იმისა რომ რკინიგზა გაყვანილი იქნა
ხონიდან 18 კილომეტრში– სამტრედიაში და კონკურენციას უწევდა მას, ხონის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა. ეს აიხსნება პირველ რიგში იმით, რომ აქ გამორჩეულად კარგად ვითარდებოდა სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა, მცირე, კუსტარული წარმოება, ვაჭრობა. მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობაც.
საქართველოს ჩართვას მსოფლიო საქონელბრუნვაში, ხონში მოჰყვა სავაჭრო საწარმოების ზრდა. ისინი მარაგდებოდნენ საქონლით რუსეთის,
ევროპისა და ამერიკის დიდი სამრეწველო ცენტრებიდან. მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიან წლებში, დაბა ხონი ქუთაისის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო
და სამრეწველო ცენტრი იყო იმერეთში. გამართული იყო წყლის ძრავაზე მოქმედი ხე–ტყის და საფეიქრო ფაბრიკები,

მოქმედებდა აგურ-კრამიტის ქარხანა, ათობით კუსტარული სახელოსნო და სამჭედლო, აღმავალი გზით ვითარდებოდა მეაბრეშუმეობა.
ხონი გახდა საქართველოში აბრეშუმის ძაფისა და ნართის დამზადების უმსხვილესი ცენტრი.

ხონის ბაზარი, რომელიც ეწყობოდა პარასკევობით, ჯერ კიდევ ფეოდალური ეპოქიდან იყო ცნობილი არა მარტო საქართველოში არამედ მთელ ამიერკავკასიაში.

1892 წელს ნ. ნიკოლაძის, ნ. წერეთელის, ი. შარაშიძისა და სხვათა ინიციატივით გაყვანილი იქნა არხი მდინარე ცხენისწყლიდან ხონი–ჯიხაიშის მიმართულებით, რომლის მეშვეობით ირწყვებოდა 12 ათასი დესეტინა მიწის ფართობი. ხონი ქალაქად ოფიციალურად აღიარებული
იქნა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. ხონის მოსახლეობა ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ქვეყნის სოციალურ და
საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი ისტორიულად დასავლეთ საქართველოს ერთ– ერთი კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრი იყო. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქ არსებობდა სხვადასხვა სასწავლო დაწესებულება. მათ შორის კარგად
ცნობილი (არა მარტო საქართველოში) სამასწავლებლო სემინარია.

ხონი თეატრალური ტრადიციების ქალაქია. პირველი თეატრალური წარმოდგენა

გაიმართა 1865 წელს.1907 წელს ჩამოყალიბდა პატარა პროვინციული თეატრალური დასი.

საქართველოში პირველი სასულე ორკესტრი დაბა ხონში ჩამოყალიბდა 1890 წელს .

ორკესტრმა მალე გაითქვა სახელი და პოპულარობა მოიპოვა მთელ იმერეთში.

ხონში აღიზარდა მრავალი ღვაწლმოსილი ადამიანი, რომლებმაც განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

ესენია: პოეტები და მწერლები: ირაკლი აბაშიძე, პოლიკარპე კაკაბაძე, მარიამ

გარიყული(თათეიშვილი), მხატვრები: დავით კაკაბაძე, აპოლონ ქუთათელაძე, კორნელი სანაძე. კინორეჟისორები:
დავით რონდელი(ცაგარეიშვილი), ვლადიმერ კარსანიძე, შალვა ჩაგუნავა, ნანა მჭედლიძე. ცნობილი ხელოვნებათმცოდნე, აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე,
კიბერნეტიკოსი ვლადიმერ ჭავჭანიძე, აკადემიკოს ფარმაკოლოგი იოველ ქუთათელაძე, ენათმეცნიერი შოთა ძიძიგური, დირიჟორი ზაქარია ხუროძე,
მსახიობები: იპოლიტე ხვიჩია, გურამ საღარაძე და სხვები.

 

  • ბ უ ნ ე ბ რ ი ვ ი ძ ე გ ლ ე ბ ი :

მდინარე ცხენისწყლის ხეობა.

ასხის მთის ალპური ზონა

მდინარე ოკაცეს კანიონი.

კარსტული მღვიმეები ასხის მთაზე, მდინარე ტობის აუზში

დადიანის ტყე–პარკი სოფელ გორდში

გორდის მღვიმე

„წმინდალიანის გამოქვაბული“ კინჩხაში

თურჩუს მთის გამოქვაბულები

კლდეიდას მღვიმე, გორდისა და კინჩხის საზღვარზე

ღვალბაჯანის გამოქვაბული კინჩხა–ღვედის საზღვარზე

ქვაბიკარის მღვიმე ღვედში

ჭირკარის მღვიმე მათხოჯში

სათევზიის მღვიმე ძეძილეთში

 

  • ი ს ტ ო რ ი უ ლ ი ძ ე გ ლ ე ბ ი,  ე კ ლ ე ს ი ა – მ ო ნ ა ს ტ რ ე ბ ი

 

ქალაქი ხონი:

ხონი სამტრედიის ეპარქიის რეზიდენცია (1996წლიდან), 1881 წ. –ყოფილი სამასწავლებლო სემინარია

„წმინდა გიორგის ეკლესია“, VIII-XI საუკუნე

სოფელი მათხოჯი:

„წმინდა ბასილის ეკლესია“, 1864 წ.

„წმინდა ნინოს დედათა მონასტერი“, 1872 წ

მათხოჯის ციხე სიმაგრე, ანტიკური ხანა

სოფელი ხიდი:

ობუჯის ნაეკლესიარი, გვიანი შუა საუკუნე

„ბუმბუას“ ანუ პომპეუსის ხიდი, ძვ.წ.აღ. 65 წ.

სოფელი სუხჩე:

ღვთისმშობლის ეკლესია, შუა საუკუნეები

სოფელი გორდი:

რეხის ციხე სიმაგრე დიდღვაბუნაში, გვიანი შუა საუკუნე

დადიანთა კარის ეკლესია, 1806 წ.

ბანგვეთის ეკლესია, X-XI საუკუნე

ველის ციხე,    XVIII საუკუნე

მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია, XIX საუკუნე

დავით დადიანის წყარო, XIX საუკუნე

დედოფლის წყარო, XIX საუკუნე

დადიანთა ტყე–პარკი, XIX საუკუნე

დადიანების კარის წმინდა გიორგის ეკლესია, XVIII საუკუნე

სოფელი ნოღა:

ნოღის ეკლესია, გვიანი შუა საუკუნე

ნოღის ციხესიმაგრე „უქიმერიონი“, შუა საუკუნე

სოფელი კინჩხა:

უძველესი სამლოცველო – სამსხვერპლო, ეკვდერი, ჯვრის ტიპი სამარხ–სარკოფაგებით, მრავალსაუკუნოვანი ურთხელის ხეებით

მაცხოვრის ეკლესია, გვიანი შუა საუკუნე

წმინდა გიორგის ეკლესია, შუა საუკუნე

ტარეშის ეკლესია და აკლდამა, შუა საუკუნე

ნაქალაქარი კიბულა, შუა საუკუნე

სოფელი ძეძილეთი:

მთავარანგელოზის ეკლესია,

გვაშტიბის ეკლესია, XVII საუკუნე

გვაშტიბის ციხესიმაგრე, XVII საუკუნე

სოფელი გელავერი:

მარინეს სახელობის ეკლესია, XVIII საუკუნე

სოფელი ღვედი:

ღვედის ციხე კოშკი,

სოფელი ქუტირი:

წმინდა გიორგის ეკლესია, 1872 წ.

სოფელი პატარა ჯიხაიში:

მაცხოვრის ეკლესია, 1897 წ.

წმინდა გიორგის ეკლესია, 1790 წ.

სოფელი საწულუკიძეო:

კვირიკესა და ივლიტას ნაეკლესიარი, XIX საუკუნე

სოფელი ახალბედისეული:

უძლოურის მაცხოვრის სახელობის ეკლესია 1319 წ.

სოფელი ახალშენი:

ნამაშევის ციხესიმაგრე მუხურისი, შუა საუკუნე

ახალშენის კათოლიკური ეკლესია, 2005 წ.

სოფელი კუხი:

პატარა კუხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, 2005 წ.

სოფელი ნახახულევი:

„წმინდა ბარბარეს “ სახელობის ეკლესია, 2005 წ.

სოფელი ივანდიდი:

იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, 2005 წ.