ხონის მუნიციპალიტეტის გერბი
ხონის მუნიციპალიტეტის დროშა
ხონის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის შესახებ
გერბის ფარი გაყოფილია სამ ნაწილად – ფარი გადაკვეთილია, ხოლო ზედა ნაწილი გაკვეთილი. I ნაწილი _ მეწამულ ველზე ოქროს ხარი; II ნაწილი _ ლურჯი ველის ცენტრში მარჯვნივ მოთავსებულია ოქროს შეჯავშნული ზემოთ აღმართული ხელი, მარცხნივ ოქროს კვერთხი ჯვრის ფორმის ბუნიკით; III ნაწილი _ მწვანე ველის ზედა ნაწილი გადაკვეთილია ხიდის მსგავსი ოქროს სარტყელით, ხოლო ქვედა – სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი “ხონი”.
დროშის ველი თეთრ ქობაშემოვლებული მეწამული ჯვრით გაყოფილია ოთხ ნაწილად. მეწამული ჯვრის ცენტრში (გადაკვეთაზე) გამოსახულია ოქროს შეჯავშნული ზემოთ აღმართული ხელი. მეწამული ჯვრის გადაკვეთა ხდება დროშის მარჯვენა მხარეს დროშის 1/3-ზე. თეთრი ქობა წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5. ხოლო მეწამული ჯვრის მკლავების სიგანე დროშის 1/8-ს. დროშის პირველ და მესამე ნაწილი მწვანეა, ხოლო მეორე და მეოთხე ნაწილი ლურჯი. დროშის პროპორციაა 2:3.
გერბის ფარში გამოსახული არაჰერალდიკური ფიგურა ხარი და გამოყენებული “ფერები” _ მეწამული, ლურჯი, მწვანე, ხონის მკვიდრთა ღირსებას, კეთილშობილებას, სიმამაცეს, ნათელი მომავლის იმედს განასახიერებს. გერბში მთავარი ფერების (მეწამული, ლურჯი, მწვანე) გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები, სადაც იმერეთის რეგიონი ფიქსირდება მწვანე ფერით. გერბის ფარში გამოსახული ხელის მტევანი და სამეუფეო კვერთხი წმინდა გიორგის ცნობილ ლეგენდას უკავშირდება ამავე ლეგენდასთანაა დაკავშირებული ხარიც, რომელიც აგრეთვე ძლიერებასა და მიწათმოქედებას განასახიერებს. ხარის ფიგურა აგრეთვე მინიშნებაა ხონის სახელწოდების ეტიმოლოგიაზეც (ზოგი მოსაზრებით ხონის სახელწოდებას უკავშირებს მეგრულ ზმნას ხონუას. ხონუა – ხვნას ნიშნავს, მა- ხონალი- მხვნელს, ნა- ხონა- დახნულს, ო- ხონუე ან ო- ხონალი – სახნავ მიწას) და ამიტომ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურებიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია ჭიშკრით და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი” ხონი”, მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.