ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე პროექტების, არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვა იყო.
შეხვედრის ფარგლებში , განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურულ და მუნიციპალური სერვისების მიმართულებით არსებულ საკითხებს. მერის წარმომადგენლებმა თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარადგინეს, რის საფუძველზეც განისაზღვრა უახლოესი პერიოდის პრიორიტეტები და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად მავნებელი მწერის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციული ღონისძიებები განიხილეს. აღინიშნა, რომ სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით ინტენსიურად მიმდინარეობს შეწამვლის სამუშაოები. ამ ეტაპისთვის დამუშავებულია გუბის, კუხის, ქუტირის, ივანდიდის, გორდის, მათხოჯისა და ძეძილეთის ადმინისტრაციული ერთეულები. დარჩენილი სოფლების შეწამვლა შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების შექმნისთანავე განხორციელდება, რათა პროცესი იყოს უსაფრთხო და მაქსიმალურად ეფექტიანი.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს შიდა სასოფლო გზების მდგომარეობაზე. აღინიშნა, რომ ქუტირში, ბესიაურში, ღვედში, გორდში, კინჩხასა და ნოღაში არსებული დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დროში დაიწყება.
დასასრულს, ლადო ჯურხაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ერთეულების საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობა მუნიციპალიტეტის ეფექტიანი მართვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.