ინფორმაცია მერისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივის შესახებ

მუხლი 51. მერისთვის უნდობლობის გამოცხადება

 

  1. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციირების საფუძველია მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.

 

  1. თუ მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით. საინიციატივო ჯგუფის სიაში მითითებული უნდა იყოს მისი თითოეული წევრის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრაციის ადგილი. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ ინიციატივა საინიციატივო ჯგუფმა კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს. შესაბამისი ინიციატივის თაობაზე განცხადება წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

 

  1. საინიციატივო ჯგუფის განცხადებასა და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას რეგისტრაციაში ატარებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, რომელიც ამ კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებას.

 

  1. საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციის მოწმობა ეძლევა რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები.

 

  1. საინიციატივო ჯგუფს შეუძლია რეგისტრაციაში გატარებაზე უარის მიღებიდან 2 დღის ვადაში გაასაჩივროს იგი შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

  1. საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან. ხელმოწერები გროვდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ფორმის ფურცელზე. ყოველ ასეთ ფურცელს ხელს აწერს არაუმეტეს 50 მოქალაქისა, რომლებიც თავად წერენ სახელს, გვარს, დაბადების წელს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერის თარიღს. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც უთითებს თავის მისამართს. მისი ხელმოწერა უნდა დაამოწმოს სანოტარო ბიურომ ან საკრებულოს აპარატის შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა. თუ საკრებულოს არ აქვს დადგენილი შესაბამისი ფურცლის ფორმა, საინიციატივო ჯგუფი ამ პუნქტის მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფს ხელმოწერების შეგროვებას.

 

  1. საინიციატივო ჯგუფი განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 1 თვისა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ ინიციატივის თაობაზე განცხადებას და თანდართულ ხელმოწერებს, რომლებითაც დასტურდება, რომ ინიციატივას მხარს უჭერს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტისა.

 

  1. ინიციატივის ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენის ან მის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში იღებს საკრებულოს თავმჯდომარე. ინიციატივის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები. საკრებულოს თავმჯდომარის უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

 

  1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს ინიციატივის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენას ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 20 დღისა. თუ ინიციატივისთვის შემდგომი მსვლელობის მიცემაზე საკრებულოს თავმჯდომარის უარი სასამართლომ არაკანონიერად ცნო, საკრებულო ინიციატივას განიხილავს სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

 

  1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინიციატივა განიხილება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. მერისთვის უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება, თუ ინიციატივას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. მერისთვის უნდობლობის გამოცხადება იწვევს მისი უფლებამოსილების შეწყვეტას.

 

  1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მერისთვის უნდობლობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.

 

  1. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციირება და უნდობლობის გამოცხადება დაუშვებელია მერის არჩევიდან 6 თვის, აგრეთვე მერის უფლებამოსილების ვადის ბოლო 1 წლის განმავლობაში.

განყოფილებები

SIGN IN

Forgot Password

X