შეგირდობის პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) წარმომადგენელმა რამაზ ჩაკვეტაძემ შეგირდობის პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს .
ხონში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის , გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით , სსიპ დევნილთა , ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ საგრანტო კონკურსი ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, დაფინანსდა ხონში არსებული 16 ბიზნესი.
თითოეულმა მათგანმა საქმიანობის გაფართოვებისთვის 2000 ევროს ღირებულების მანქანა-დანადგარები და აღჭურვილობა მიიღეს. ა/ო ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში თავდაპირველად 30 განაცხადი შევიდა. მეორე ეტაპზე 16 აპლიკანტი გადავიდა და ბიზნეს გეგმის წარმოდგენის შემდეგ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ყველა მათგანის დაფინანსების თაობაზე.
 პროექტის მხარდამჭერი იყო ხონის მუნიციპალიტეტის მერია, რომელმაც უზრუნველყო ადგილობრივი მეწარმეების ინფორმირებულობა და ინდივიდუალური კონსულტაციები ბიზნეს-გეგმების მომზადების პროცესში. პროექტი, დევნილთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავდა მიზნად და მასში მონაწილეობა იმ ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლოთ, ვისაც ჰქონდა დევნილის სტატუსი ან ამ სტატუსის მქონე პირები ჰყავდა დასაქმებული. ავეჯის საწარმოები, სამკერვალოები, ავტო-ტექ მომსახურეობის ცენტრები, ფოტო-ვიდეო გადაღებისა და ხმის ჩამწერი სტუდიები, სილამაზის ცენტრები და მეცხოველეობის ფერმა. ეს ის მიმართულებებია, რომლებმაც განვითარებისთვის გრანტი მიიღეს.
პროექტის კიდევ ერთი კომპონენტი იყო ადგილობრივი დევნილი ახალგაზრდების გადამზადება დუალური სწავლების პრინციპით. პროექტში 18-24 წლამდე ასაკის 29 აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა ჩაერთო და 10 თვიანი სწავლების კურსი გაიარა. მათგან ნაწილი უკვე დასაქმებულია.

SIGN IN

Forgot Password

X