გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ხონის მუნიციპალიტეტში, ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო, ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა.
შესაბამისი ბრძანება ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ , სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე გამოსცა.
კარანტინი გამოცხადდა ქალაქ ხონში, დაავადების კერიდან (ქ.ხონის, მოსე ხონელის ქუჩა და მერიის მიმდებარე ტერიტორია)3 კილომეტრის რადიუსში.
ბრძანების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში, გატარდება ცხოველების ვაქცინაცია.
აცრილი ცხოველის იზოლირება უნდა მოხდეს აცრიდან 60 დღის განმავლობაში.
კარანტინის პერიოდში, იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც.
მოხდება ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებისა და დადორბლილი საგნების დეზინფექცია.
ბრძანების შესაბამისად ადამიანები, რომლებიც დაკბენილები ან დადორბლილები იყვნენ ცხოველის მიერ აყვანილ იქნენ ანტირაბიულ კონტროლზე.
არსებული კარანტინი მოიხსნება ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ.
ცნობისთვის, 18 მაისს, ქალაქ ხონში, დაფიქსირდა მიუსაფარი ძაღლის მიერ 3 ბავშვის დაკბენის ფაქტი. ყველა მათგანს ჩაუტარდა პრევენციული (ანტირაბიული) მკურნალობა. მოხდა ძაღლის იდენტიფიცირება. დაკვირვების პროცესში ცხოველი მოკვდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ძაღლის ცოფით დაავადება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა დღეიდანვე დაიწყეს ვეტერინარული ღონისძიებები.

SIGN IN

Forgot Password

X